პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

“გახსნილი გულით უნდა ვიცხოვროთ...”

Без заголовка

   ოდესღაც ეს მშვენიერი ადამიანები სრულიად ბედნიერები იყვნენ… ცხოვრობდნენ მწუხარების გარეშე, გარშემო კი საყვარელი და ახლობლები ყავდათ, მაგრამ დრო ულმობელია…

სხვადასხვა ცხოვრებისეული მიზეზების გამო, მათი მდგომარეობა შეიცვალა და ახლა ჩვენი დღის ცენტრიმათ თითქმის ერთადერთ  იმედად იქცა.

მიუხედავად ყველაფრისა, ისინი ცდილობენ არ დანებდნენ და  ერთმანეთს ამხნევებენ, ბევრმა აქ კარგი მეგობრები შეიძინა, რომლებთანაც ახლა დროს ატარებს… მოდით, უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი ბენეფიციარები!

თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ხალისიან მომენტზე გვიამბეთ, თუ შეიძლება

მზია, 50 წლის: ჩემი ბავშვობა… ძალიან ხშირად ვიხსენებ მას, ძალიან მინდა წარსულში დაბრუნება, მახსოვს საბავშვო ბაღი, სკოლა… ყველა ისე თბილად მექცეოდა…მენატრება ის დრო, მაგრამ სამწუხაროდ წარსულს ვერ დააბრუნებ…

მიხეილი, 77 წლის: ხშირად ვიხსენებ ახალგაზრდობას, ვმუშაობდი – ყველაფერი მქონდა, ბოლოს ჯამრთელობამ მიმტყუნა, მერე ჩემი შვილიშვილი დაიჭირეს, ამის გამო სახლის გაყიდვა მოგვიწია, ახლა არც სახლი მაქვს და არც კარი…

ამ ცენტრში ყველა ძალიან მეხმარება, ჩემი ყოველთვიური შემოსავალი 180 ლარია, ეს ცენტრი რომ არა, არ ვიცი, რას ვიზამდი, აქ ყოველდღე მოვდივარ…

ნუკრი, 56 წლის: სოხუმში, არქივში ვმუშაობდი, სოხუმიდან ვარ, იქ ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი, მაგრამ მერე ომი დაიწყო. ჩემი მშობლები მოკლეს, მე თბილისში წამოვედი… ახლა აღარავინ მყავს, მარტოდმარტო ვცხოვრობ…

მტრები ან მეგობრები თუ გყავთ, მათზე რას გვეტყვით?

მზია, 50 წლის: რამდენიმე მეგობარი მყავს, რომელიც ძალიან მიყვარს, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ისინი! მტრებს რაც შეეხება, ერთი ქალია, რომელმაც ჩემი ქალიშვილი მეუღლესთან წააჩხუბა, იგი ჩვენ ვერ გვიტანს, მე კი ის მეცოდება… ბოროტი კარგი ცხოვრებისგან არ გამხდარა…

მიხეილი, 77 წლის: მტრები არასდროს მყოლია, არასდროს! მეგობრებს რაც შეეხება, სამწუხაროდ, ყველა გარდაიცვალა, მე აბსოლუტურად მარტო ვარ… ბევრი ნაცნობი მყავს, მაგრამ ნამდვილი მეგობარი – არა…

ნუკრი, 56 წლის: ბევრჯერ მომატყუეს, ჩემგან ფულს სესხულობდნენ და აღარ მიბრუნებდნენ, მაგრამ იცით, ახლა რომ ვნახო ეს ადამიანები, არაფერს ვეტყვი… ბრაზს გულში ვერ ვიტოვებ, ყველას ყველაფერს ვპატიობ…

 

თქვენი აზრით, ადამიანს რა აბედნიერებს?

მზია, 50 წლის: სიკეთე, არავისთვის არაფერი არ უნდა დაგენანოს… მე ვთვლი, რომ ადამიანები მიუხედავად მდგომარეობისა, ერთმანეთს კეთილი თვალებით უნდა უყურებდნენ, გახსნილი გულით უნდა იცხოვრო…

მიხეილი, 77 წლის: სიკეთე  უნდა აკეთო, როდესაც შემეძლო ყოველთვის ვცდილობდი სხვების დახმარებას, ვცხოვრობდი და არაფერს არ ვუჩიოდი,  დღეს ჩემი ცხოვრება ტანჯვაა…

ნუკრი, 56 წლის: საჭიროა სიყვარული და პატიება ვისწავლოთ, უნამუსო არ უნდა იყო. მე ყოველთვის ასეთი ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ, უკვე ვეღარაფერი შემცვლის,  ყველა მიყვარს…

თქენთვის ასევე საინტერესო იქნება

დასაწყისში გადასვლა