პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ დავით სერგეენკოს მიმართა: „როდემდე უნდა იყვნენ სოციალურად დაუცველი ადამიანები ვინმეს კეთილი ნების იმედად?!“

_DSC4452_ppლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ღია წერილით მიმართა, რომელშიც მოუწოდებს მას სოციალურად დაუცველი, საწოლს მიჯაჭვული მოქალაქეების პრობლემას, რომელსაც ისინი თითქმის ყოველდღე აწყდებიან ჯანმრთელობის გაუარესების გამო და ექიმის გამოძახება უწევთ,  ყურადღება მიაქციოს და გადაჭრას:

„დღეს მსურს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბ-ნ დავით სერგეენკოს მივმართო და მოვუწოდო მას ქვემოთ აღწერილ პრობლემას პირადად გაეცნოს, რის შემდეგაც სასწრაფოდ მიიღოს ზომები მის გადასაჭრელად!

პატივცემულო მინისტრო!

მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო მწვავე პრობლემას, რომელიც არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ხშირად ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლეს ან სიკვდილს ეხება. პირველ რიგში, ვსაუბრობ საწოლს მიჯაჭვულ, ღატაკ და მარტოხელა მოხუცებზე, რომლებზეც უკვე 5 წელზე მეტია, რაც ჩემი ფონდი ზრუნავს!

იცით, რომ ამჟამად ავადმყოფის გასინჯვა და კონსულტაციის გაწევა უფასოდ, მხოლოდ ოჯახის ექიმს შეუძლია? ხოლო თუ ადამიანს კონკრეტული სამედიცინო სპეციალისტის კონსულტაცია ესაჭიროება (მაგალითად, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროპათოლოგის და ა. შ.) ის ვალდებულია ან საავადმყოფოს მიმართოს, ან ასეთი ექიმი შინ გამოიძახოს.

საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს ფიზიკურად არ ძალუძთ საავადმყოფოში მისვლა! ვიწრო პროფილის მქონე ექიმის შინ გამოძახება კი, საშუალოდ 50 ლარი ჯდება – ეს ამ საცოდავების, მუდამ ნახევრად მშივრების, ყველასგან დავიწყებული და ბედის ანაბარა მიტოვებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობის, პენსიის მესამედია! ბატონო მინისტრო, ასეთი ადამიანი საქართველოში ათიათასობითააა!

ჩემს ფონდში მსგავსი სიტუაცია არაერთხელ ყოფილა, როდესაც მიგვიწერია წერილები ოჯახური მედიცინის მთავარი ექიმებისთვის თხოვნით უფასოდ გამოეგზავნათ საჭირო სპეციალისტი ავადმყოფთან სახლში… რიგ შემთხვევებში კლინიკების ხელმძღვანელებს მოხუცების უმწეო მდგომარეობა გაუთვალისწინებიათ და მათთან შინ ექიმი უფასოდ გაუგზავნიათ.

თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მწოლიარე ავადმყოფებისთვის ასეთი დახმარება სისტემურ ხასიათს უნდა ატარებდეს,  მას მხარს უნდა უჭერდეს სახელმწიფო და არ იყოს დამოკიდებული ვინმეს კეთილს ნებაზე.

ამიტომ მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას დაუყოვნებლივ დაინერგოს სამედიცინო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემდა საწოლს მიჯაჭვულ, სოციალურად დაუცველ პაციენტებს თუნდაც ყველაზე გადაუდებელ სიტუაციებში მაინც, მიიღონ კონკრეტული პროფილის მქონე ექიმების კონსულტაცია მათთან სახლში მისვლით! ამ ადამიანებმა არჩევნებზე ხმა მოგცეს! ნუ მისცემთ მათ სიკვდილის უფლებას!“ – წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

თქენთვის ასევე საინტერესო იქნება

დასაწყისში გადასვლა