პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96, გვ. 16) შესატანი ცვლილებების და დამატებების შესახებ

მუხლი 1. შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. 22-ე მუხლს დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21 სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრები ყოველი გლეხი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით იმგვარად, რომ ისინი საკუთრებაში ფლობდნენ მათ რეგიონში ან მათი რეგიონის მიმდებარედ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. სახელმწიფო ასევე ვალდებულია მოუწყოს გლეხებს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დამუშავებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საირიგაციო სისტემები და სათბურები, ხოლო  მიწის ნაკვეთის გადაცემიდან სამი წლის განმავლობაში უფასოდ მიაწოდოს მათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად საჭირო სახნავ-სათესი საშუალებები, ნერგები და თესლები, ამავე ხნის განმავლობაში, გლეხის სურვილის შემთხვევაში, დაეხმაროს მას მოსავლის დასაწყობებაში, შენახვასა და რეალიზაციაში. თუკი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები არასაკმარისია ყველა გლეხის დასაკმაყოფილებლად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეიძინოს შესაბამისი ოდენობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და გადასცეს ისინი გლეხებს.“

 

2. 22-ე მუხლს დაემატოს 22 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22  21 მუხლში აღნიშნულის განხორციელება დაევალოს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 2018 წლის 30 ივნისისა, რომელიც ვალდებულია აღნუსხოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, საქართველოში მცხოვრები გლეხთა ოჯახები და მოახდინოს ნაკვეთების თანაბარ-პროპორციული განაწილება.“

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პროექტი

საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312)

მუხლი 1. შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1.3-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება შესაძლებელია საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სასყიდლით, ხოლო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და კანონით განსაზღვრული სხვა პირებისათვის – უსასყიდლოდ.“

 

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე კანონით გათვალისწინებულ სხვა პირებზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და მთავრობას წარუდგენს ქონების მმართველი.“

 

3. 63-ე მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს − დევნილებს, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას და კანონით გათვალისწინებულ სხვა პირებს.“

განმარტებითი ბარათი სასოფლო-სამეურნეო მიწის გლეხებისათვის გადაცემასთან დაკავშირებით კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გლეხები მიწის მისაღებად იძულებული არიან გაიარონ ბიუროკრატიის ყველა საფეხური რათა შეისყიდონ მიწის ნაკვეთები, ხოლო წინამდებარე კანონი ითვალისწინებს მიწის გლეხებისადმი გამარტივებული წესით გადაცემას.

 

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანა.

 

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;

კანონპროექტის მიხედვით იგეგმება გლეხებისადმი სასოფლო-სამეურნეო მიწის გარკვეული ფართების უსასყიდლოდ გადაცემა:

  1. საქართველოში გლეხები ერთ-ერთი ყველაზე არაუზრუნველყოფილი მოსახლეობაა და ეს ფაქტი გამოწვეული მათ საკუთრებაში არსებული მიწის სინაკლებით, ვინაიდან ისინი ვერ ამუშავებენ მიწას და შესაბამისად ვერ იღებენ შემოსავალს.
  2. საქართველოს ეკონომიკის განვითარების უმთავრესი ნაწილია სოფლის მეურნეობის განვითარება, ხოლო ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია გლეხებს შეუქმნათ შესაბამისი პირობები.
  3. გლეხებისადმი მიწის გადაცემა სოფლებში სიღარიბის დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებს, ვინაიდან გლეხებს მიეცემათ დამატებით შემოსავალი, რაც საკმარისი იქნება მათი ოჯახების რჩენისთვის.
  4. აღნიშნული კანონის მიღების შედეგად მოხდება მოსახლეობის სოფელში დამაგრება და შესაბამისად შეჩერდება სოფლების დაცარიელების პროცესი.

 

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:

 

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს მიმდინარე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფის საჭიროებას.

 

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას მიმდინარე წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ბუნებრივია კანონპროექტი ხელს შეუწყობს სიღარიბის დონის შემცირებას.

 

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

 

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

 

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

წინამდებარე კანონპროექტი ეხება სოფლის მოსახლეობას და მისი მიღება საგრძნობლად გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას, ვინაიდან მათ გაუჩნდებათ დამატებით შემოსავალი.

 

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.

 

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს

 

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;

კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები

 

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან;

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს

 

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კანონპროექტის მიღებაში საერთაშორისო ორგანიზაციებს და ექსპერტს მონაწილეობა არ მიუღიათ.

 

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კანონპროექტთან დაკავშირებით არ არსებობს ექსპერტების ან/და ორგანიზაციების შეფასება.

 

ე) კანონპროექტის ავტორი;

საინიციატივო ჯგუფი

 

 ვ) კანონპროექტის ინიციატორი.

30000 ამომრჩეველი

დაბრუნება კანონპროექტებზე

სხვა კანონპროექტები

დასაწყისში გადასვლა