პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ.1) ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

172-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„11 დაუშვებელია ყოფილი მესაკუთრის საცხოვრებლის გაყიდვა, რეალიზაცია, მისი მესამე პირებისათვის გადაცემა ან/და შემდგომი მისი გამოსახლება, თუკი ამ მესაკუთრემ ქონებაზე უფლება დაკარგა ან შეიძლება დაკარგოს იმის შედეგად, რომ მან ვერ შეძლო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.

ყოფილი მესაკუთრის საცხოვრებლის გაყიდვის, რეალიზაციის, მისი მესამე პირებისათვის გადაცემის ან/და შემდგომი მისი გამოსახლების აკრძალვა მოქმედებს თუკი აღნიშნული საცხოვრებელი არის ყოფილი მესაკუთრის და მისი ოჯახის წევრების ერთადერთი საცხოვრებელი და ასევე აკრძალვა გამოიყენება ყოველი ოჯახის წევრისთვის 20 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ფარგლებში“

მუხლი 2. წინამდებარე კანონის მოქმედების პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე სხვა კანონები სესხების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მოქმედებენ წინამდებარე კანონის პირობების გათვალისწინებით.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

განმარტებითი ბარათი  ვალების გამო მოსახლეობის ერთადერთი საცხოვრებელი ადგილიდან გამოსახლების აკრძალვასთან დაკავშირებით

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

საქართველოში ხშირია მოსახლეობის გამოსახლება ვალების გამო ერთადერთი საცხოვრებელი ბინიდან, რაც სიღარიბის დონეს აუარესებს. აღნიშნული კანონპროექტის მიზანია კერძო და საზოგადოებრივი ინტერესის დაბალანსება მოსახლეობის საცხოვრებელიდან გამოსახლების პროცესში.

 

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

 

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;

კანონპროექტის მიხედვით იზღუდება გარკვეულ შემთხვევებში მოსახლეობის გამოსახლება ერთადერთი საცხოვრებელი ფართიდან:

  1. საქართველოში ლარის კურსის ვარდნის გამო საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შემოსავლის დიდი ნაწილი დაკარგა. ლარის გაუფასურების გამო მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია აღებული სესხების მომსახურება. კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური დაწესებულებები მასობრივად ახდენენ ზემოაღნიშნული პირების უძრავი ქონებების რეალიზაციას, მათ შორის ტოვებენ მოვალეებს არასრულწლოვან შვილებთან ერთად ქუჩაში და მათ ართმევენ არსებობის წყაროს. აღნიშნული გარემოება იწვევს მოსახლეობის ნაწილის უთანხმოებას და საზოგადოებაში დაძაბულობას.
  2. საქართველოს იმ მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, რომელთაც აქვთ სესხის მომსახურების სირთულეები და შესაბამისად ვერ ასრულებენ ფინანსური დაწესებულებების და ბანკების წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ამავდროულად არ გააჩნიათ სხვა უძრავი ქონება გარდა სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულისა, გთავაზობთ მივიღოთ ზემოაღნიშნული კანონპროექტი.
  3. საქართველოში ეკონომიკის ზრდის ტემპების კლების, ხოლო გარკვეულ წლებში ეკონომიკის ვარდნის გამო მოხდა მოსახლეობის სიღარიბის დონის გაუარესება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოსახლეობის ყიდვაუნარიანობა შემცირდა, შესაბამისად მოსახლეობა ვერ ახერხებს სესხების მომსახურებას. აღნიშნული გარემოების გამო ბანკები ზოგიერთ შემთხვევაში ახდენენ მოვალეების ერთადერთი ქონების რეალიზაციას და ტოვებენ თავშესაფრის გარეშე.
  4. დავალიანება, რაც წარმოეშვა მოსახლების გარკვეულ ნაწილს დიდ წილად განპირობებულია ბანკების და მიკროსაფინანსო სტრუქტურების მიერ დადგენილი მაღალი საპროცენტო სარგებლით და საჯარიმო სანქციებით. ხშირ შემთხვევაში პროცენტები და ჯარიმები დავალიანების დიდ ნაწილს წარმოადგენს. ფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკაა, რომ ისინი ფაქტობრივად არ აფასებენ მსესხებლის გადახდისუნარიანობას თუ არსებობს უძრავი ქონების სახით უზრუნველყოფა. წამყვანი ბანკებიც კი, რომლებიც შიდა პროცედურების მიხედვით ვალდებული არიან შეაფასონ მსესხებლის გადახდისუნარიანობა, პრაქტიკულად უყურებენ მხოლოდ ანგარიშის ამონაწერს და არ ითხოვენ შრომის კონტრაქტსაც კი რაც მათ რეალური რისკების შეფასების საშუალებას არ აძლევს. ზემოაღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ ფინანსური ინსტიტუტები თავიდანვე მიმართული არიან უზრუნველყოფის რეალიზაციაზე თუნდაც ის მსესხებლის ერთადერთი საცხოვრებელი იყოს. ფინანსურ ინსტიტუტებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება გაასახლონ მოვალე და მისი ოჯახი ერთადერთი საცხოვრებელიდან როდესაც აღნიშნული დავალიანება დიდ წილად წარმოიშვა მათი (ფინანსური ინსტიტუტების) ბრალით.
  5. წინამდებარე კანონპროექტის მიღება არ იმოქმედებს დაკრედიტების დონეზე, ბანკები ვალდებული გახდებიან მეტი ყურადღებით შეისწავლონ მსესხებლების გადახდისუნარიანობა შესაბამისად საფინანსო ინსტიტუტები ამ კანონით არ დაზარალდებიან. ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის ერთადერთი საცხოვრებელიდან გამოსახლება ხდება არა ბანკების არამედ მევახშეების მოთხოვნით, რომლებიც მხოლოდ ქონების რეალიზაციაზე არიან ორიენტირებული. იმის გათვალისწინებით თუ რა ზიანი მოაქვს მოსახლეობის (ხშირ შემთხვევაში დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობის) ერთადერთი ქონებიდან გასახლებას ვთვლით, რომ უნდა დავუჭიროთ მხარი წინამდებარე ცვლილებებს.
  6. საზოგადოებაში დაძაბულობის შემცირების და კომპრომისის ძიების მიზნით აუცილებელია მორატორიუმის შემოღება ერთადერთი ქონების იძულებით გასხვისებაზე და მესამე პირებისადმი გადაცემაზე ვალების გადაუხდელობის გამო თუ აღნიშნული ქონება მოვალის და მისი ოჯახის ერთადერთი ქონებაა. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შეზღუდვები საერთო ფართზეა მიბმული და მოქმედებს ერთ სულ ოჯახის წევრზე 20 კვ.მ-ს ფარგლებში.

 

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:

 

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფის საჭიროებას.

 

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას მიმდინარე წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ბუნებრივია კანონპროექტი ხელს შეუწყობს სიღარიბის დონის და შესაბამისად მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

 

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

 

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

 

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტის შესაბამისად იზღუდება კრედიტორის მიერ მოსახლეობის გამოსახლება ერთადერთი საცხოვრებელი ფართიდან, შესაბამისად აღნიშნული დადებით გავლენას იქონიებს მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომლებმაც იპოთეკით დატვირთეს ერთადერთი საცხოვრებელი.

 

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.

 

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს

 

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;

კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები

 

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან;

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს

 

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კანონპროექტის მიღებაში საერთაშორისო ორგანიზაციებს და ექსპერტს მონაწილეობა არ მიუღიათ.

 

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კანონპროექტთან დაკავშირებით არ არსებობს ექსპერტების ან/და ორგანიზაციების შეფასება.

 

ე) კანონპროექტის ავტორი;

საინიციატივო ჯგუფი

 

 ვ) კანონპროექტის ინიციატორი.

30000 ამომრჩეველი

დაბრუნება კანონპროექტებზე

სხვა კანონპროექტები

დასაწყისში გადასვლა